ნინძიუცუ (忍術, ქართ. „ნინძას ტექნიკა“) ჩაკრაზე დაფუძნებული ისეთი ტექნიკაა, რომლის შესრულება ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია და რომელსაც რეალური ეფექტი აქვს, განსხვავებით გენძიუცუსგან, რაც ილუზიას წარმოადგენს. ნინძიუცუები ერთმანეთისგან სიძლიერითა და დანიშნულებით განსხვავდებიან: ზოგი შეტევის, ზოგი თავდაცვის, ზოგი ტრანსფორმაციის ან განკურნების მიზნით გამოიყენება.
ყოველი ნინძიუცუ ბუნების გარდაქმნის მართვის შედეგად სრულდება. მის შესასრულებლად ხშირად ხელის ნიშნები გამოიყენება, თუმცა დახელოვნებულ შინობს ზოგიერთი ტექნიკის გამოსაყენებლად ისინი შესაძლოა არც დასჭირდეს. ნინძიუცუს ტაიძიუცუსთან შერწყმას ნინტაიძიუცუ ჰქვია, თუმცა ეს ტერმინი მხოლოდ მესამე და მეოთხე რაიკაგეების ბრძოლის სტილს მოიცავს.
ნინძიუცუს შესრულება ჩაკრას ორნაირად გარდაქმნას მოითხოვს:
- ჩაკრასთვის სათანადო ფორმის მიცემა;
- ჩაკრას ბუნების გარდაქმნა.
მიჩნეულია, რომ ექვსი გზის განდეგილი პირველი იყო, რომელიც ჩაკრას საიდუმლოებებს ჩასწვდა. იგი მსოფლიოში დამოგზაურობდა და ხალხს თავის ცოდნას უზიარებდა, რასაც ნინშუს უწოდებდა, რადგან სჯეროდა, რომ ადამიანებს ის საკუთარი თავისა და სხვების უკეთ შეცნობაში დაეხმარებოდა, რაც მსოფლიოს მშვიდობის ერას მოუტანდა. თანდათანობით ნინშუ საბრძოლო ხელოვნებად გარდაიქმნა და ნინძიუცუს სახელით გახდა ცნობილი.